მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ბლოკირებაზე თუ იქნება საუბარი, სამართალდამცველებმა ისევ დიდი სიფრთხილით უნდა იმოქმედონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და იმ შემთხვევაში, თუ მის ბლოკირებაზე იქნება საუბარი, სამართალდამცველებმა კვლავ „დიდი სიფრთხილით“ უნდა იმოქმედონ.
„პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ბლოკირებაზე თუ იქნება საუბარი, ბლოკირების შემთხვევაში, სამართალდამცველები ისევ ადამიანების მოფრთხილებით, მათი ჯანმრთელობის მოფრთხილებით, დიდი სიფრთხილით უნდა შეუდგნენ ისევ თავის საქმეს. მოვუწოდებ კიდევაც ჩვენს ოპონენტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ პროტესტს, დაიცვან მაქსიმალურად კანონი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, ოპონენტების მხრიდან ყველაზე ცუდი არის ხალხის მოტყუება, რომ თითქოს შესაძლებელია, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა.
„თურმე ჩვენ ამდენი ხანია, გვქონია გერმანული მოდელი და არ ვიცოდით. ისეთ მოთხოვნას აყენებენ, რასაც ჩიხში შეჰყავს პროცესი თავისთავად, როდესაც გეუბნებიან, 150 უდრის 77–ს, მერე რა?! როდესაც გეუბნებიან, რომ 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული მანდატი – ასე კი არ არის, არამედ გერმანულში როგორც არის, რომ შეგვიძლია, ჩვენ გავზარდოთ პარლამენტარების რაოდენობა მაშინ, როდესაც 150 წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ასეთი მანიპულაციები თავისთავად არის ჩიხისკენ მიმავალი გზა და იმ ადამიანების მოტყუება, რომლებიც გამოდიან და შეიძლება, აბსოლუტურად გულწრფელად რაღაცას აპროტესტებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.