ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ 
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ 

თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, – ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაკეთდა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა.

„შეიძლება, გუშინ არ დაგვიმარცხებიხარ ბიძინა ივანიშვილო, მაგრამ გუშინ შენ თვითონ დამარცხდი; შეიძლება, ჩვენ არ ვიყავით  გუშინ გამარჯვებული, მაგრამ შენ იყავი დამარცხებული, შენ დამარცხდი და იმასაც მივაღწევთ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელი დღე არ გაპატიოთ და პირადად ჩვენ დაგამარცხოთ, პირადად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ და მასთან ერთად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ. რატომაც არა, სამოქალაქო საზოგადოება გეტყვის შენ უარს. ამის მისაღწევად გვაქვს გეგმა, პირველ რიგში, მინდა, ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო, ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ, თუ სულელები ხართ მანდ, ჩვენ არ უნდა გთავაზობდეთ მეტს არაფერს, მაგრამ ვინაიდან ინგლისურისა და კომპიუტერის  მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში და ჩვენ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს, აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს, დაშალო“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, პიკეტი ყოველ კვირაში მოეწყობა და პარლამენტის სესია არ შედგება.

„ყოველ კვირაში აქ იქნება პიკეტი, სესია არ შედგება. სამშაბათს სესიაა, ორშაბათს სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი იქნება, შვიდ საათზე ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ვშვებოდით.

ორშაბათს, შვიდ საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც თავისი ბიზნესისთვის არიან იქ პარლამენტში, ფულისთვის ან უბრალოდ ეშინიათ შენი, თუ მათ მოუნდებათ იქ შესვლა, მაშინ ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინაშე, ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და მათთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც, ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი, ერთად ერთის წინააღდეგ, ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, როგორც გაგვწიეს, კიდე მოიყვანონ ის წყლის მანქანა, გამოიყვანონ ისევ პოლიციელები. ასეთ წნეხს იგი მთელ წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა.

ამასთან, გეგმებთან დაკავშირებით აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამაც ისაუბრა.

„მაქვს პატივი, ოპოზიციური ფორმატის სახელით გამოვაცხადო დღეს შეთანხმებული მოქმედების გეგმა. გუშინდელ დღეზე ის მიიღებს უმწვავეს აქციებს. ორშაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პიკეტირება პარლამენტის. ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი,სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთვარდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები სამშაბათს დეპუტატებს სესიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„ორშაბათს, 25 ნოემბერს ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე,  დემონსტრაცია გამოემართება რუსთაველისაკენ, პარლამენტთან და სამშაბათს უნდა გიამართოს მათი ჭკუით სესია, უნდა შეიკრიბონ კვლავ ივანიშვილის ზოოპარკის ლემურები და ზებრები. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. მოხდება კვლავ მშვიდობიანი, კონსიტუტიციური გზებით პიკეტირება და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ეს ქმედებები დამთავრდება გამარჯვებით. ქართველი ხალხი უზნეობაზე, ამორალობაზე აუცილებლად გაიმარჯვებს, დღეს ამ ქვეყნის ანტიგმირი, საფრთხის შემქმნელი არის ივანიშვილი. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ის გაეცალოს ამ ქვეყანას, რათა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გავიყვანოთ განვითარების ახალ გზაზე“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მისი თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი, დემოკრატიული და პროპორციული არჩევნებით.

„ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა გუგავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.