მამუკა მდინარაძე - პარადოქსულია, როდესაც ბიზნესმენი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კარგად გრძნობდა თავს და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს აღშფოთდა
პარადოქსულია, როდესაც ბიზნესმენი კარგად გრძნობდა თავს და ხმას არ იღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კი, აღშფოთდა, ვფიქრობ, პოლიტიკური დიაგნოზი გამოტანილია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, რა შეხვედრაზე საუბრობდა გუშინ მამუკა ხაზარაძე.
მდინარაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს.
„როდესაც ეს ადამიანი თავის ნაკისრ ვალდებულებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ ასრულებდა, არანაირი გამოძიება, არანაირი პროკურატურა ამასთან დაკავშირებით მაშინ არ არსებობდა, ამიტომაც, ეს არის პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. პარადოქსია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კარგად გრძნობდა თავს და ახლა აღშფოთებულია დღევანდელი მმართველობით და პოლიტიკურ განაცხადებს აკეთებს. მან პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რატომ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო ელიტარული ბიზნესმენებისა და სხვა ადამიანების მიმართ განსაკუთრებული რეჟიმის გამოძიებას არ იცნობს.
„თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კეთილი ინებოს ყველამ, წარუდგინოს გამოძიებას და ქარაგმებით არ ისაუბროს“, – განაცხადა საპარლამენტო ფარქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.