მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წევრები გუნებაზე ვერ იყვნენ და ცოტახანში გაქრნენ დარბაზიდან, ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თავის მოთოკვა თუ არ შეეძლოთ
სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ გუნებაზეც ვერ იყვნენ და ცოტა ხანში საერთოდ გაქრნენ დარბაზიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ვერ წარმოედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თუ არ შეეძლოთ, დღეს თავი მოეთოკათ და ისეთი ხასიათი არ ეჩვენებინათ, რაც აჩვენეს.
„წელიწად-ნახევარმა, ამ ისტორიამ, ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა შევაფასოთ, ყველაფერი აჩვენა. ოპოზიციის წარმომადგენლები გუნებაზეც კი ლაპარაკობენ ხოლმე ხანდახან. დღეს სხდომის დარბაზში, თუ ხასიათზე რაიმე შეფასება შეიძლება, დამოკიდებული იყოს, ალბათ ყველაფერი ითქვა, კადრებიც იქნება. მე ვერ წარმომედგინა, ჯერ ხასიათზეც ვერ იყვნენ და მერე ცოტა ხანში საერთოდ აღარ იყვნენ. გაქრა ოპოზიცია დარბაზიდან. მე ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თუ არ შეეძლოთ, დღეს თავი მოეთოკათ და ისეთი ხასიათი არ ეჩვენებინათ, რაც აჩვენეს. ეს ხასიათები მაგათი სტილია და დავანებოთ თავი. ბუნებრივად მათ რაც აკეთეს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამისი დაგვირგვინება, რომ მათთვის ნეგატიური და ქვეყნისთვის პოზიტიური იქნებოდა, ამის დროს რომ თავს ვერ შეიკავებდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ისიც კი იკადრეს, როგორ, დროშები რომ დაალაგესო. ფრაქციის აპარატმა დაალაგა, მათაც ხომ ჰყავთ ფრაქციები, ყოველ ორ ადამიანს პოლიტიკური ჯგუფი აქვს. მოეტანათ და დაედოთ, თუ რამის გაკეთება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლები „ნაცებს“ ხომ არ დაულაგებდნენ წინ ევროკავშირის დროშებს. უმრავლესობის შიგნით მოვიფიქრეთ ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძეს კითხვა დაუსვეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე.
„რამხელა ძალა უნდა იპოვონ საკუთარ თავში, რომ მათ იზეიმონ. მათთვის დღეს ეს სიტყვა შეუთავსებელია, მაგრამ მათაც ვულოცავ. მათ შვილებს გამოადგებათ სწორი სვლა ევროპისკენ. მათ უნდოდათ მსხვერპლშეწირვა, ომი, ბომბების წვიმა, ცალ ფეხზე დგომა. რომ დავიჯეროთ, რომ მართლა უნდოდათ რაღაც ამდაგვარი, რაც ჩვენ მივიღეთ ევროპელი მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, ეს ყველაფერი იმის ფონზე უნდოდათ, რაც წამოსცდებოდათ ხოლმე. ისინი ახლა თუ თავის თავში ძალას იპოვიან და იზეიმებენ, მათაც ვულოცავ, მათ შვილებს, მომხრეებს, ახლობლებს, ნათესავებს, მათ მომავალს გამოადგებათ.
ჩვენ არცერთი სიტყვა არ გვითქვამს, არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ისე, რომ ეროვნული ინტერესი ოდნავ, ერთი ნაბიჯით უკან გადაგვეწია და ამის სანაცვლოდ ვინმეს რამეს დავპირებოდით. ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, რომ ღირსებით გავიმარჯვეთ. ეს ისტორიული ფაქტი არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ხალხი ყოველთვის ახერხებდა, რომ ღირსებით, სიამაყით, ეროვნული ინტერესების უპირობოდ გათვალისწინებით აღწევდა წარმატებას და ამაშია ქართველი ხალხის უნიკალურობა და სიამაყის საფუძველიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.