მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის მხარი რომ დაეჭირათ, პატრონებისგან მოხვდებოდათ, არდაჭერის შემთხვევაში არჩევნებზე მოხვდებათ
ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს, თავი აარიდოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობისთვის მხარის არდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორებიც აცხადებენ, რომ ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დაირაზმოს მთელი ქვეყანა.
„რეალურად, ამ აგენტურას ერთი ცუდი რამ სჭირს ამ კანონთან დაკავშირებით, მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ხოლო როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად მოხვდებათ არჩევნებზე, მათ შორის, ქართული საზოგადოებისგან, შუაში არიან გაჭედილები. გახარიები თავიანთი ჭკუით რაღაც ორიგინალურს იგონებენ. რეალურად, ყველა მათგანმა, „ნაცმოძრაობის“ კლასტერებმა, აგენტურული ოპოზიციის მთლიანმა ნაწილმა, მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარს. ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი. ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დავირაზმოთ ახლა თურმე მთელი საქართველო და ასეთი კანონები არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომ დავიცვათ მომავალი თაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.