მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს, თითოეული დეტალი ქვეყნის საბოლოო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს
რადიკალური ოპოზიციის არათანმიმდევრულობა გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხრივ, ისინი შეუსრულებელ პირობებს და ულტიმატუმებს აყენებენ და ულტიმატუმებს, რომელიც არ გამომდინარეობს სიმართლიდან, არჩევნების ჩატარების წესიდან და საუბრობენ ასევე ეროვნულ შერიგებაზე, რაც ერთმანეთთან აბსოლუტურად აცდენილი ორი მესიჯია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია პოპულისტური, საზოგადოების გარკვეულ ფენაზე გათვლილი მესიჯიებით ცდილობს, კონსტრუქციულობის იმიჯი შეინარჩუნოს.
„როცა ისინი იტყუებიან და პანდემიის ასეთი მძიმე დარტყმის პირობებში, სახელმწიფოს ემიჯნებიან თავისი ქმედებებით და კიდევ უფრო ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ამ დროს ეროვნული თანხმობისკენ მოგვიწოდებენ, ხვდებით, რომ ეს არის პოპულისტური, საზოგადოების გარკვეულ ფენაზე გათვლილი მესიჯი, თითქოს, მას შესძენს კონსტრუქციულობის იმიჯს. მამუკა ხაზარაძეს მოვუწოდებთ, ეს მესიჯები ერთმანეთში შეათანხმონ. თუ მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი პოლიტიკურ გვამებზე საუბრობს და შემდეგ ეროვნულ შეთანხმებაზე საუბრობენ, ეს ორი მესიჯი ერთმანეთს არ ემთხვევა. მოდით, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თითოეული დეტალი ქვეყნის საბოლოო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ქვეყანში პოლიტიკურ შეთანხმებას და მშვიდობას ეწინააღმდეგება.