ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მშვიდობას და ოპოზიციასთან შეთანხმებას
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მშვიდობას და ოპოზიციასთან შეთანხმებას

„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ქვეყანში პოლიტიკურ შეთანხმებას და მშვიდობას ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა. ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის შიგნით არსებული ბარიერები გადალახოს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ეწინააღმდეგება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, პოლიტიკურ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ქვეყანაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს შექმნილი კრიზისის სიმწვავეს და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, „ქართულ ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და მოლაპარაკებები განახლდება. ამისთვის, „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი. ან საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუსვან კითხვა, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისეთი ადამიანებით, რომელიც არასდროს იკადრებენ იმას, რაც 2020-ის 31 ოქტომბერს ვიხილეთ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადასინჯოს საკუთარი მიდგომები და გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის ფონზე, ეს პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.