მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია საოცარ კამპანიას აწარმოებს, ისინი ჩვენზე არიან აწყობილები
ოპოზიცია ამ ბოლო დროს საოცარ კამპანიას აწარმოებს. ჩვენზე არიან აწყობილები. ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს ვიწვევთ, ეს მათაც კარგად იციან. გამოვიდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ დროულად მოიწვიოს, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელიო, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძის განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კაპანაძე მთავრობას მოუწოდებს, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის ვალდებულება გააუქმოს, რათა საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი შეუფერხებლად ჩამოვიდეს.
ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს მომავალ გეგმებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს, ისინი ამ „საოცარ კამპანიას“ აწარმოებენ.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია საუბრობდეს მომავალ გეგმებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს, რეალურად, ისინი ამ ბოლო დროს აწარმოებენ საოცარ კამპანიას. ეს ბევრჯერ შეგვხვდება, ამიტომ საზოგადოებას განვუმარტავ. მაგალითად, როგორც კი შეხედეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მიუხედავად პანდემიის, პრობლემებისა და გამოწვევებისა, მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი, რასაც თქვენგან (ჟურნალისტებისგან) ვიგებ, რომ სასწრაფოდ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყოს და ბევრი დამკვირვებელი ჩამოიყვანოსო.
ანუ, რომ გაეგოთ, დავუშვათ, ბავშვების მისამართით ვაპირებდით კომპენსაციის გაცემას 200 ლარის ოდენობით, წინა დღეს გამოვარდებოდნენ და სასწრაფოდ 200 ლარი გასცეს ბავშვების მიმართულებით ხელისუფლებამო, იტყოდნენ. დაახლოებით ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ჩვენზე არიან აწყობილები. ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს ვიწვევთ, ამას ვცდილობთ, ეს მათაც კარგად იციან, რადგან კომუნიკაცია მათაც აქვთ. მაშინვე გამოვიდნენ, ამბობენ, „ქართულმა ოცნებამ“ დროულად მოიწვიონ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელიო. რამდენად სერიოზულია, უბრალოდ ამბავს გიყვებით და დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.