სერგი კაპანაძე - მთავრობას მოვუწოდებ, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის ვალდებულება გააუქმოს
სერგი კაპანაძე - მთავრობას მოვუწოდებ, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის ვალდებულება გააუქმოს

პარტია „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლა უზრუნველყოს.

მისივე განცხადებით, მთავრობამ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ერთი მხრივ, კარანტინის გავლის ვალდებულება უნდა გააუქმოს და მეორე მხრივ, ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები უნდა უზრუნველყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს. ჩვენ წინა არჩევნების პრაქტიკიდან ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა. ეუთოს პრაქტიკა არის, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვებელს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში შეუფერხებლად ჩამოვიდნენ და არავის შეექმნა პრობლემა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კორონავირუსის და პანდემიის უკან და შესაბამისად, დამკვირვებლების მცირე რაოდენობის იმედი აქვთ.

მოვუწოდებ მთავრობას, გააკეთოს შემდეგი ორი რამ, გარდა იმისა, რაც უკვე გააკეთეს. პირველი – უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები  საქართველოში შეფერხების გარეშე შემოვიდნენ. იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის გავლის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება. მეორე – ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.