მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია იტყუება, როცა უგულავას საქმის პროცედურულ დარღვევაზე საუბრობს და 48 მილიონის გაფლანგვას არ ახსენებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები გიგი უგულავას საქმეზე ხალხის მოსატყუებლად სპეციალურად პროცედურაზე აპელირებენ და არა – დანაშაულზე.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, რაც სპეკულაციური გზავნილია.
„ყველა ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, გენერალური პროკურატურა ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ. ეს პოზიცია უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა, ამაში კანონდარღვევა არაფერია. მთავარი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ოპონენტები არგუმენტად სწორედ პროცედურის დარღვევას მიუთითებენ, სადაც რეალურად პროცედურული დარღვევა არ არის. დანაშაული არის თუ არა და 48 მილიონი გაფლანგა თუ არა, ამ მიმართულებით ოპოზიცია საერთოდ არ საუბრობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ოპოზიცია ტყუილშიც ვამხილოთ და ვთქვათ, რომ ისინი პროცედურულ დარღვევაზე საუბრობენ, სადაც პროცედურული დარღვევა არ არის და არ საუბრობენ 48 მილიონსა და მის გაფლანგვაზე, სადაც რეალურად დანაშაულია“, – აღნიშნავს მდინარაძე.
დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი თანამდებობის პირი გასამართლდა და შეფარდებული აქვს მკაცრი სასჯელი ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხების გაფლანგვისა და მითვისების გამო.
„ასეთები არიან ბათუმის მერი ერმაკოვი, ასევე ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე, ზუგდიდისა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეები. როგორც ჩემთვის ცნობილია, უზნაეს სასამართლოში უგულავასა და მის ადვოკატებს საჩივარიც არ შეუტანიათ და ეს საქმე გასაჩივრებულიც კი არ ჰქონდათ“, – აცხადებს მდინარაძე.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.