საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის“.
მდინარაძის თქმით, „მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა, ისინი საოცარ განცხადებებს აკეთებენ“.
„მათი შეფასებები აღარაფერში ჯდება. თურმე, კონსტიტუციურობის თემა სადავო საკითხი საერთოდ არ ყოფილა. მთავარი სადავო საკითხი იყო – კონსტიტუციას შეესაბამებოდა თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი. ამაზე უთხრა, რომ ჩვენ არ ვართ ის ორგანო, სადაც ეს უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ვერც იმას დაწერდა, რომ კონსტიტუციურია და არც იმას დაწერდა, რომ არაკონსტიტუციურია. სხვა დანარჩენი მოტყუების მცდელობაა. მათთვის ამაზე უარესი დასკვნის ალბათობა გამორიცხული იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა რაღაც სპეკულაციებს შეეცდებიან, რადგან გამოსავალი არ აქვთ. მთავარი თემა რაც იყო, კონსტიტუციურიობის თემა, ეუთო/ოდირი არ აფასებს. ოპოზიცია ნოკაუტშია ჩაგდებული იქედან გამომდინარე, რომ ისინი თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ წარმოუდგენელი დარტყმა მიიღეს. რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტის კონსტიტუციურობაზე ლაპარაკობდნენ და ამას იტყვის, ეუთო/ოდირიო, დღეს ამბობენ, თურმე, ეს სადავო საერთოდ არ ყოფილა. წარმოუდგენელ და საოცარ განცხადებებს აკეთებენ, აიჭრნენ, მათი კომენტარები აღარაფერში წერია“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა. ორივე პრინციპი – მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა, ლეგიტიმური არჩევანია.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.