გრიგოლ ვაშაძე - ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის
გრიგოლ ვაშაძე - ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის

ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის, სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და რატომ უნდა დაწერო ის, რაზეც დისკუსია არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი ეუთო-მ განიხილა და გასცა ძალიან კომპეტენტური პასუხი.

„ამ დოკუმენტში არის ორი მთავარი პუნქტი: პირველია პროპორციული არჩევნები და ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის დაახლოებული პროპორციულ არჩევნებთან და საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. რომ ეწინააღმდეგებოდეს, ეუთო შესაბამის დასკვნას გამოიტანდა, როგორც ეს უკვე არაერთხელ გააკეთა სხვა წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ამ დოკუმენტში არის ის, რომ ეუთო ცალსახად სთხოვს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, მიიღოს ის საარჩევნო მოდელი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მთლიანად ოპოზიციურ ფრონტში ერთია. მოგვეცით საშუალება პროპორციული სისტემით ჩავატაროთ არჩევნები, რათა მივიღოთ ნამდვილად რეპრეზენტატული პარლამენტი და არა ის რეზინის ბეჭედი, რომელსაც ოლიგარქი არტყამს დოკუმენტებზე თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთი რამ მინდა გთხოვოთ – ყველა წერილი აიღეთ, რომელიც ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ორგანოებიდან, ჩვენი მოკავშირეებისგან, გვერდზე მიუდეთ ეუთო-ს დასკვნა, შემდეგ დაუდეთ ის, რასაც ითხოვს საქართველოს მოქალაქე, სამოქალაქო სექტორი, და ნახავთ, რა შეფასება აქვს „ქართული ოცნების“ გაჯიუტებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა. ორივე პრინციპი – მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა, ლეგიტიმური არჩევანია.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.