მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიამ იცრუა, ოპერატორი არც მეორე სართულიდან გადმოვარდნილა, არც ფიზიკური შეხება ყოფილა, ის ტოვებდა ტერიტორიას, მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურებზე დაეცა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს, კომენტარი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ოფისში.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა.
მდინარაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურებზე დაეცა.
„კიდევ ერთი ამორალური ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს ჩვენი ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. სინამდვილეში, ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარები ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა ჩლიქოსანს. მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენლებს, საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, ეგრეთ წოდებულ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალ მოაჯირს წამოედო, გადავარდა და კიბის ზედა საფეხურებზე დაეცა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. პირველადი მონაცემებით, როგორც გვეუბნებიან, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ, არ აქვს.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ პირადად ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. პირდაპირ, გადაჭრით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა. არც მეორე სართულიდან გადმოვარდნილა და არც ფიზიკური შეხება ყოფილა. სამართალდამცველები საკითხს დეტალურად გამოიძიებენ.
ჩვენი პრესსამსახურის თანამშრომლები მოგაწვდიან ორ მოკლე ვიდეოს, რომლის გადაღებაც მოასწრეს ჩვენი შტაბის წარმომადგენლებმა, ასევე ფოტოსურათებს, სად დაეცა ეს ოპერატორი და ამით იქნება მხილებული კიდევ ერთი ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის. ჩვენ შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო კამერა ოპერატორის. დარწმუნებული ვარ, ის მომენტი, როდესაც დაეცა კიბის საფეხურებზე, იქნება გადაღებული. როდესც „მთავარი არხის“ ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემ მიერ ახლა მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია. ბინძური სპეკულაციაა, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი ინციდენტიდან, მათ მიერ პროვოცირებულიდან თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს გადასცეს ფოტოვიდეო მასალა, სადაც უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ასახულია, თუ რა მოხდა ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისში.
ქარელში ინციდენტის დროს „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.