მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ ორგანიზაციას მინდა ვუთხრა, იყვნენ ობიექტურები, არ არის აუცილებელი, თუ „ქართული ოცნება“ არაფერს დაარღვევს, მაინც დააბრალო
ნებისმიერ ორგანიზაციას მინდა ვუთხრა, იყვნენ ობიექტურები, არ არის აუცილებელი, თუ „ქართული ოცნება“ არაფერს დაარღვევს, მაინც დააბრალო, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარდგენას.
„თუ რომელიმე ორგანიზაცია გულისხმობს წარსულში, პანდემიის დროს რატომ დავეხმარეთ მოქალაქეებს, ეს მათი პრობლემაა და კომენტარსაც არ გავაკეთებ. მინდა ვუთხრა ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ იყვნენ ობიექტურები, არ არის აუცილებელი, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაარღვევს რამეს, მაინც დააბრალო. სჯობს, როდესაც 600-კაციან სუფრებს შლიან სადღაც, ამას მიაქციონ ყურადღება, რა თქმა უნდა, „ევროპულ საქართველოს“ ვგულისხმობ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სეკულარულ სახელმწიფოში ერთმანეთისგან არავინ უნდა გაიმიჯნოს.
„ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა გავმიჯნოთ ადამიანებბი წარმოდგენების მიხედვით და არც იმით, ის საერო პირია თუ სასულიერო“, – განაცხადა მდინარაძემ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
„საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტის ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში“, – ნათქვამია ანგარიშში.