„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული ორი პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – სამი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – ოთხი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – ერთი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – ექვსი; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – ორი შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება.

კვლევის შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

„ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში, რაც ფაქტობრივად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტის ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება.

მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

„ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად, დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო, ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტია „ლელოს“ აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტი. ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია ერთი პირი.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების „ქართული მარშისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიებში სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა შეინიშნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს: ხელისუფლებამ დროულად და გამჭვირვალედ გამოიძოს პოლიტიკურ აქტივისტზე ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევები; სოციალური დახმარების პროგრამების დაგეგმვისას, ხელისუფლებამ დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული ორთვიანი ვადა; არ დაუშვან ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება პარტიისა და მისი კანდიდატის აგიტაციისთვის; პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად; მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა, ასევე სავარაუდო კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები; მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა/მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელება; თავი შეიკავონ მედიასაშუალებებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე, სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობისგან.