მამუკა მდინარაძე - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო სტრუქტურად საბოლოოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც მიუღებელია
“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ძირითადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო სტრუქტურად საბოლოოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც მიუღებელია, – ასე ეხმაურება ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
“ისინი ვერ გამოდიან თავისი წარმოდგენებიდან, სხვადასხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების თავის ჩარჩოებში მოქცევის შესახებ. ეტყობა, რაღაც გეგმები აქვთ სამომავლოდ და ისინი ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს ისეთივე სტრუქტურა სახელმწიფოს შემადგენლობაში, როგორიც არის ნებისმიერი სხვადასხვა უწყება თუ სამინისტრო”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.