მამუკა მდინარაძე - ნარკორეალიზატორთა მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია
მამუკა მდინარაძე - ნარკორეალიზატორთა მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დაკონკრეტდა, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია, – ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე ბევრ საკითხზე პოზიციები დაახლოვდა.

„რამდენიმე კომპონენტია, რაც მოიცავს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეორე – შეძენა-შენახვასთან და დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს, მესამე მომხმარებლის საკითხია.

პრაქტიკულად, ყველა საკითხზე შევჯერდით და პოზიციები უფრო დავაახლოვეთ. დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია. დოზებზე დაახლოებით შევჯერდით და ალბათ, ეს საკითხი კვირის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად იქნება გავლილი. მოხმარების საკითხებზე ასევე შევჯერდით, რომ მომხმარებლის მიმართ გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

დეპუტატის ცნობით, რამდენიმე დეტალი დარჩა, რაზეც მომდევნო დღეებში შეხვედრებზე იმსჯელებენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი ზოიძის მსგავსად, საკითხზე უმრავლესობის შიგნით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება არ გამორიცხა.

„საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რაც საზოგადოების ინტერესებში ადეკვატურად და ზუსტად ჩაჯდება. საბოლოო გადაწყვეტილება 7 ივნისამდე მიიღება, რადგან ეს არის პარლამენტის მიერ აღებული ვადა. არც მე გამოვრიცხავ სარეიტინგო კენჭისყრას, თუმცა შეიძლება საქმე აქამდე არ მივიდეს იქედან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე შევჯერდით და ეს იმის დამსახურებაც იყო, რომ ამაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა. სხდომაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.