მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეიგნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს და ამით რუსულ საქმეს აკეთებს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეიგნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს და ამით რუსულ საქმეს აკეთებს

ოკუპანტ ქვეყანას ყოველთვის ექნება ცდუნება, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ადამიანებმა, რომელსაც საქართველოში ჰგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აზიანებენ, უნდა გაიგონ, რომ ქვეყანას აზიანებენ და ამით რუსულ საქმეს აკეთებენ.

„ოკუპანტ ქვეყანას ყოველთვის ექნება ცდუნება, ჩაერიოს საქართველოს საქმეებში, როგორც აქამდე ერეოდა, უხეშად, როგორც უხეშად ახორციელებს ყველა მოქმედებას, მათ შორის ოკუპაციით დაწყებული. თუ საქართველოში ისეთი ძალები გამოჩნდებიან, რომლებმაც ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება და თავის ქვეყანასაც დააზიანებენ, ეს საქმე კიდევ უფრო გაუიოლდებათ. ამიტომ იქნებ, ვიღაცეებმა გაიგონ და შეიგნონ, რომ ჰგონიათ, ვითომ „ოცნებას“ აზიანებენ, თავისი ქვეყნის დაზიანებით ისინი რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ. პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელმაც თავის დროზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც რუსეთის პოზიცია მყარად იყო წარმოდგენილი. შემდეგ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებებიც კი არ წარადგინა და ამის გაკეთება ჩვენ მოგვიწია. ისინი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყვნენ. სიტყვით პროდასავლური იყვნენ და საქმით რუსულ საქმეს აკეთებდნენ. ეს ახალი ამბავი არ არის. რაც უფრო ბევრს გააკეთებენ და ბევრ თემაში შეყვებიან ნებისმიერს, პირველ რიგში, ერთმანეთს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს, რუსეთს უიოლდება მით უფრო. მათი ქმედებების ეს ირიბი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ყოველთვის კარგად ჩანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელწოდებით – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული,  საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს რუსეთი ჩაერია დასავლეთის ქვეყნების არჩევნებში და სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებს 2020 წელსაც, წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.