მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს ზუსტად იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს ზუსტად იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიასგან უმრავლესობის წევრების მისამართით მონურ მორჩილებაზე საუბრის მოსმენა რთულია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ შეხვდა, ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღო და პარლამენტში შესვლაზე სიტყვა ვერ დაძრა.

„ბატონო ნიკა, თქვენგან მონურ მორჩილებაზე საუბრის მოსმენა ცოტა მძიმე და რთულია, იქნებ, გაგვიგოთ, რადგან ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, აქ ახლა ასე გელაპარაკათ თუ არა, აქ შემობრძანებულიყავით თუ არა, ასე იყავით მთელი თქვენი ცხოვრება ყველანი. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის მონური მორჩილება…ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, პუფები ეძახეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნების“ მიმართ ამომრჩევლების პრეტენზია პოლიტიკურ არენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას უკავშირდება.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს.

„ჩვენს თანაგუნდელ ირმა ზავრადაშვილს მინდა გავცე პასუხი, მართალია, ამ ხალხის ასეთი ქცევის გამო ჩვენ გვთხოვენ პასუხს და ქუჩაში ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერიც კი რომ მხვდება, მაგას მაყვედრის ხოლმე, ცოტა შეიძლება ემოციურად გამომივიდეს, მაგრამ ეს ხალხი ასე რომ ლაპარაკობს და ეს სახეები რომ სხედან აქ, ამ ხალხს ხმას აძლევს ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა,  ჩვენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნაცნობები, თუ მეგობრები, ჩვენს ირგვლიც ტრიალებენ ის ადამიანები, ვინც დღესაც ამ ხალხს მხარს უჭერენ. იმდენს ბედავენ, რამდენ ხმასაც იღებენ, ზუსტად იმდენს ბედავენ, არც მეტს და არც ნაკლებს. ეს ლეგიტიმაცია აქვთ, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.