მამუკა მდინარაძე - მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას როცა ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს აინიცირებდა 
მამუკა მდინარაძე - მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას როცა ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს აინიცირებდა 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომლითაც ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. იმავე ადგილას გუშინ და გუშინწინ, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს აინიცირებდა. უბრალოდ, ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს იზოლაცია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. მისივე თქმით, „ოპოზიციის მიერ ევროსაბჭოში დაინიცირებულ საკითხს ოპოზიციური მედია განგებ არ აშუქებს“.

„არსებობს მათი 3-4 ტელევიზია, მედიასაშუალება და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მედიასაშუალებების მთელი საინფორმაციო ველი მოვლილი აქვს ამ ამბავს, რომელიმეს ერთი სიტყვა თუ დაცდა ამასთან დაკავშირებით? აწი, ჩემი სიტყვების შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ ნახეთ, „მთავარს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, სხვა მედიაპლატფორმებს ერთი სიტყვა თუ აქვთ დაცდენილი ამ უპრეცედენტო ღალატზე, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებით, მხარდაჭერით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დგებოდა საკითხი, საქართველო ამორიცხულიყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ანუ, ისინი ყველაფერს ცდილობენ, საქართველოს იზოლაცია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ გვეკითხებიან, საქართველოს რატომ აშორებთ საერთაშორისო საზოგადოებასო? თვითონ იღვწიან, რომ ეს გააკეთონ და გეუბნებიან, შენ აშორებო და თან პასუხს გთხოვენ ამაზე. საქმით იმას აკეთებენ, რა ტექსტიც გავშალეთ ტელეფონებში და წავიკითხეთ, თვალებს ვერ დავუჯერეთ. პიარის თანამშრომლებთან სამჯერ გადავამოწმე, მართლა ეს ტექსტია თუ არა-მეთქი, გადავამოწმე გივი მიქანაძესთან და მეოთხე გადამოწმების შემდეგ მოვყევი თქვენ წინაშე. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ რაღაცას აინიცირებდნენ, ვფიქრობდი, რამე ინტერპრეტაციას ხომ არ აქვს ადგილი-მეთქი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი შესწორება ევროსაბჭოს რეზოლუციაში ვერ მოხვდა.