მამუკა მდინარაძე - მთელი მსოფლიო, მათ შორის უკრაინელები, აკვირდებოდნენ რუსეთში ვითარებას, საქართველოდან აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ერთ-ერთ მხარეს, ლექსებიც მიუძღვნეს პრიგოჟინს
მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით გამონათქვამებს, ფრაზებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები როგორ ცდილობდნენ ომისკენ მოწოდებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო აკვირდებოდა და, სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს.
„„ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, მე ვიქნებოდი თუ სხვა, როდესაც ვსაუბრობდით, რომ არსებობენ ადამიანები, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას კრიტიკა მოჰყვებოდა ხოლმე. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ გამონათქვამები, ფრაზები და არა ირიბი მოწოდებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები. ეს არ იყო შემთხვევითი, სპონტანური, ეს იყო დაგეგმილი კამპანია და ალბათ ქართული საზოგადოება კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში ამ დროს, რომელიც, სულ რომ თავი დავანებოთ და არაფერი დავაბრალოთ ქვეყნის საწინააღმდეგო ამ კონკრეტულ ადამიანებს, როგორ იმპულსურად მოქმედებენ თითოეულ ახალ ამბავზე.
მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის უკრაინელებიც. ხმას არ იღებდნენ, აკვირდებოდნენ სიტუაციას. მსოფლიოს ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, რადგან არავინ იცოდა, ეს იყო დადგმული პროვოკაცია, იყო რეალური ამბოხი, რა ხდებოდა და, სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. არ დაგვავიწყდეს, ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში, აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხედროების, ქალებისა და ბავშვების დახოცვაში. სამწუხაროდ, ამ ადამიანს და ამ ადამიანებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.
ჰიბრიდული ომის წარმოების ყველა ნიშანი იყო, მაგრამ, ამავდროულად, ამას გაძლიერებულად ერთოდა პანიკის დათესვის, რაღაც დეზორგანიზების მცდელობა, მთელი ძალით და ღონით. ლექსები მიუძღვნეს პრიგოჟინს და მხარს უჭერდნენ. აქ კომენტარებიც ზედმეტია და ჩემი კომენტარი ამას ვერც დაამძიმებს, ვერც შეამსუბუქებს. ყველა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვნახოთ ფაქტები, რა კამპანია მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში და დასკვნებს საზოგადოება ადვილად გამოიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.