მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში
მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის ყოველ ახალ განცხადებაზე პასუხის გაცემა არ ღირს.
„პრეზიდენტ მარგველაშვილის ახალი განცხადება, რომელსაც ის კვლავ თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლის პირით ახმოვანებს, უკვე ზედმეტად არასერიოზულია.
მარგველაშვილი ცდილობს, თავი ჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა.
ამასთან, ჩართოს საქართველოს პარლამენტი დაჩაგრული პრეზიდენტის” იმიჯის შექმნის კამპანიაში.
სწორედ ამიტომ, ჩემი მხრივ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში და რაც არ უნდა კომიკური იყოს, მისი საათში ერთხელ გაკეთებული ყოველი ახალი განცხადება, ვფიქრობ, ამაზე საერთოდ აღარ ღირს პასუხის გაცემა – საზოგადოებას გაცილებით სხვა პრობლემები აწუხებს, ვიდრე პრეზიდენტის უსაგნო კინკლაობა პარლამენტთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩიხრაძემ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებებზე და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებებზე განაცხადა.