ფიქრია ჩიხრაძე - მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა
ფიქრია ჩიხრაძე - მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩიხრაძემ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებებზე და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებებზე განაცხადა.

,,ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ, უმძიმესი ბრალდებები, მეორე მხრივ, ამ ბრალდებებისგან გაქცევის მცდელობა.

ვისმენთ ათასნაირ შეფასებებს, მოგვიწოდებენ – რომ ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ნუ ჩავვარდებით პანიკაში და ასე შემდეგ… თუ მათ არ აქვთ უნარი, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, კიდევ უფრო გავუმარტივებთ საქმეს – არსებობს ამის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო გამოცდილება.

რეგლამენტი ზედმიწევნით იციან და კონსტიტუციაც ეცოდინებათ -არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა და როდესაც ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის პირველ პირს – საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებელია, უბრალოდ ამას ხალხის და ქართული სახელმწიფოს პრესიტიჟი ითხოვს, რომ ამის თაობაზე დაიწყოს იმპიჩმენტის შესაბამისი პროცედურა.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ან მართლაც უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ყოველდღიურად და ამით ვსტრესავთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართულ საზოგადოებას, ან უბრალოდ ვაკეთებთ განცხადებას და მერე არ გვაქვს უნარი, რომ ამ განცხადებებს ბოლომდე მივდიოთ“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეწყალების საკითხზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების მხრივ, სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. „პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი – უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე, ეს არის კორუფცია – თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე, ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“, – განაცხადა კობახიძემ.