მამუკა მდინარაძე - მოგონილი თემებით შეთანხმების პირობების ეჭვქვეშ დაყენება პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რასაც არავინ არავის აპატიებს
ოპოზიცია ვაჭრობს რაღაცებით, მათ შორის პიარულად, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება, მოლაპარაკებების შედეგების უგულებელყოფა არავინ და ვერავინ უნდა გაბედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებს გამოეხმაურა საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
დეპუტატის თქმით, რეალურად, მოლაპარაკება არ არის ოპოზიციის მიზანი და მათ რევოლუციური სცენარი აწყობდათ.
„ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მათ უარი ვერ თქვეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომასა და შემდეგ შეთანხმებაზე. ახლა უკვე სხვა საბაბებს ეძებენ, რათა მოლაპარაკების შედეგი გაფორმებული არ იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მათ მოლაპარაკებების პირობებზე დათანხმება მოუწევთ, როგორც რამდენიმე დღის წინ მოუწიათ, როცა პირიქით ამბობდნენ, თითქოს ზეიმობდნენ, მაგრამ რეალურად არ გაუხარდათ და ეს არის ამის მტკიცებულება. მათთვის ამ შედეგით დასრულება არ იყო მიზანი, რევოლუციური სცენარი აწყობდათ. ახლა ცდილობენ, სხვა მიზეზები გამოიგონონ, მაგრამ არ ველი, რომ შეძლებენ, საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისგან, ყველასგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილება მიიღონ, რომლის მიხედვითაც აღარ შემოვლენ მოლაპარაკებაში და გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს. სხვა თემებზე გადატანა და შეთანხმების პირობების ეჭვქვეშ დაყენება ახალი მოგონილი თემებით, არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რასაც არავინ არავის აპატიებს. პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.