მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის არეულობა, ქაოსი, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ
მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, რადგან ის არის წარსული, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული-ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
„როდესაც ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვსაუბრობდით არეულობაზე, ამას აქილიკებდნენ მისი ტელევიზიიდან, ამას აქილიკებდნენ მისი პარტაქტივის რიგებიდან.
დღეს მან პრაქტიკულად დაუსრულებელ არჩევნებზე ვერ მოითმინა და დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ბოლო კვირების თუ თვეების განმავლობაში ვამბობდით. მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, მისი მიზანი არის ქაოსი და მისი მიზანი არის მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, რადგან ის არის წარსული.
ამიტომ საქართველო, როგორც დღეს, ასევე მრავალჯერ ეტყვის „ნაციონალურ მოძრაობას“ უარს და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გაგიჟებული გამოდის და მოძღვრავს ადამიანებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაგიჟებული კაცის რევანშისტულ ზრახვებზე ისინი ნამდვილად არ წამოეგებიან, ისევე როგორც იმ პროვოკაციებზე, რასაც ის სთავაზობდა ამ დროის განმავლობაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.