მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში მინისტრების დაბარებასთან დაკავშირებით რეგლამენტი უნდა დაიხვეწოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფორმალურად რეგლამენტი დაირღვა, როცა ფინანსთა მინისტრი დღეს პარლამენტში არ მივიდა, თუმცა გასათვალისწინებელია წინა ისტორია.
კერძოდ, მდინარაძის თქმით, სწორი არ არის მინისტრის ყოველ მეორე დღეს პარლამენტში დაბარება.
მდინარაძის განმარტებით, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლებელია მინისტრი ყოველდღე დაიბარო პარლამენტში, თუმცა დეპუტატები გარკვეულ წესებზე უნდა შეთანხმდნენ.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შესაცვლელია. ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში მინისტრების დაბარებასთან დაკავშირებით რეგლამენტი უნდა დაიხვეწოს.
„აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით დარღვევის ნაწილში ფორმალურ მხარეს თუ გავყვებით, მაგრამ წინა ისტორიას გაგახსენებთ. როდესაც რეგლამენტზე ვმსჯელობდით, იმისათვის, რომ რისკი გამორიცხულიყო, დაზღვეულიყო, მინისტრს თუ მოიყვანდი დავუშვათ კომიტეტის მოწვევით ერთ დღეს კომიტეტში, მეორე დღეს რომ არ მოგეყვანა, რაც არ არის სწორი პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან იგივე კითხვებია.
ამიტომ ჩვენ ეს რისკი გამოვრიცხეთ და ჩავდეთ, რომ ორი თვის განმავლობაში მინისტრი კომიტეტზე აღარ მიდის. დავარქვათ გამოგვრჩა, დავარქვათ არ გავითვალისწინეთ, არ წერია იმის გამომრიცხველი, რომ თუ მინისტრი მოვა პარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ, მესამე დღეს არ მოუწიოს დეპუტატის გამოძახების, დაბარების გამო კომიტეტზე მოსვლა.
ანუ, უნდა დალაგდეს რაღაცა პრაქტიკა, თუ გუშინწინ იყო ეს ადამიანი, დღეს კიდევ კომიტეტზე მოვიდეს, იმიტომ რომ ვიღაც გაბრაზებულმა კითხოს იგივე, რისი კითხვის საშუალებაც სხდომაზე ჰქონდა, ამის გამომრიცხველი რეგლამენტში არ წერია.
ამიტომ ფორმალურად ხართ მართალი. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკა უნდა დავხვეწოთ. ეს უმრავლესობა იქნება, თუ ოპოზიცია, დეპუტატებმა უნდა ავიღოთ რაღაცა პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მინისტრი გუშინ იყო, დღეს აღარ მოვიყვანოთ. ფორმალური თვალსაზრისით, შეგვიძლია, მინისტრი ყოველდღე გვყავდეს პარლამენტში, მეორე, გუშინ დავუსვით შეკითხვა, დღეს დავუსვათ ისევ, იგივე კითხვები გავუმეოროთ, გავუბრაზდეთ იმ კითხვაზე პასუხს რატომ არ გვცემს ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ა.შ. რაღაც პრაქტიკაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. რაღაცა თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. თუ ამის პასუხისმგებლობას არ იღებს კონკრეტული დეპუტატი, ვთქვათ რეგლამენტის დახვეწაზეც ვიფიქროთ. მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არ გახდება საჭირო, თუ მაგალითად ისე მოვიქცევით , როგორც ჯანდაცვის კომიტეტის შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული, იყო მოთხოვნა, მესამე დღეს ისევ მოვიდესო. ფორმალურად სწორი და მართალია, მაგრამ პრაქტიკა ახლა გვეუბნება, რომ ერთ თვეში ეს ადამიანი ისევ მოვა და უკვე ახალი კითხვები, ახალი გამოწვევები იქნება. მე მგონია, რომ ფორმალურ საკითხებს არ უნდა გამოვედევნოთ, როცა ეს არაპრაქტიკულია, არარელევანტულია. არ არის შედეგთან მიმართებაში სწორი. თუ მაინც და მაინც ამ ფორმალურ საკითხებს დავსდევთ, მაშინ რეგლამენტი დავხვეწოთ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეს კომენტარი მამუკა მდინარაძემ გედევან ფოფხაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
გედევან ფოფხაძემ ბიუროსაგან მოითხოვა რეაგირება იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე არ მივიდა
„მივმართავ ბიუროს, რათა მოახდინოს ამაზე რეაგირება, ჰქონდეს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი მხრივ რეგლამენტის დარღვევაც და მეორე მხრივ ისეთი პოლიტიკური საკითხი, რომელთან მიმართებაშიც გულგრილი და არაფრის მთქმელი პოზიცია არ ეგების ბიუროსგან და მითუმეტეს კომიტეტების თავმჯდომარეებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ბიუროს“ ,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.