მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციაში მარტივად წერია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველი
ახალი ტრენდი გახდა, იმაზე საუბარი, კონსტიტუციას ვინ როგორ კითხულობს, არადა, კონსტიტუცია ერთგვარად იკითხება, სადაც მარტივად წერია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში შედის თავიდანვე, გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე.
„კითხვებიც კი არ არსებობს, ეს არის წმინდა იურიდიული დეტალი. როცა დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მოსამართლის გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შედის და პარლამენტი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, კენჭი უყაროს, უფლებამოსილების შეწყვეტას. ამაზე კითხვები უხერხულია, რადგან სამართლებრივი საკითხია“, – განაცხადა მდინარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.