მამუკა მდინარაძე - კომისიის მუშაობაში მონაწილეობით შედეგების ერთპროცენტიან სიყალბეს თუ არ დაამტკიცებენ, შეთანხმების საგანი რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება
დღესვე მზად ვართ, შევხვდეთ და ვილაპარკაოთ, ნებისმიერ თემაზე, რაც კი შეიძლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, რაზეც კი შეიძლება თეორიულად მაინც შეთანხმება მოხდეს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს და სიყალბეს არ დაამტკიცებენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საგანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება.
„ეს ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ ისინი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ერთპროცენტიანი სიყალბეც კი ვერ დაამტკიცეს. ისინი ამბობენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, მხოლოდ ამ ტყუილის გამო არჩევნებს ვერ და არ დავნიშნავთ. დანარჩენ თემებზე საუბარი შეიძლება, ჩვენი კარი ღიაა. ჩვენმა ბოლო გადაწყვეტილებამ მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით ეს აჩვენა. საინფორმაციაო პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე თქვა უარი, არის ტყუილი, ისევე, როგორც გაყალბებული არჩევნები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.