ბადრი ჯაფარიძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რადგან მანდატების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
ბადრი ჯაფარიძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რადგან მანდატების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

„ლელო საქართველოს“ პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ან იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე. ეს გულისხმობს ასევე შეკითხვის დასმას ჩვენი მოსახლეობისადმი, ეს პოზიცია არ შეგცვლია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სხვა საკითხების ირგვლივ პოზიციების დაახლოება არ არის საკმარისი, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

„ჩვენ ვრჩებით იმავე პოზიციაზე. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება, რომ ოპოზიციური პარტიები და „ქართული ოცნება“ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან და რაც მთავარია, მოგვცემს საშუალებას, პარლამენტის კედლებში დავიწყოთ მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელიც ასე მრავლად აქვს ჩვენს ქვეყანას. სხვა ნებისმიერი მცდელობა, რომ ოპოზიცია იქნეს შეყვანილი პარლამენტში, არ მოიტანს არანაირ შედეგს. რაც მთავარია, არ განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ რადგან მხარს არ დაუჭირენ მანდატების შეწყვეტას, გამოყენებული იქნას ეს შესაძლებლობა, რომ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციის და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.