მამუკა მდინარაძე - ხატია დეკანოიძის, ომისა და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიდრე ილაპარაკებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერის ჩართვაზე პარლამენტში და გამოსვლაზე, ჯერ ბოდიში მოიხადონ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს წინაშე, რაც ამ წუთამდე ამ მოთხოვნის დაყენებამდე აკეთეს საქართველოს დასაზიანებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.
მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უკრაინაში თავისი კონტაქტები გამოიყენეს საქართველოს დასაზიანებლად.
„უკრაინას ყველა პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ, ეს გააგებინონ, აუხსნან, ბოდიში მოიხადონ, რაც იბოროტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დავფიქრდებით, არათუ გადავწყვეტთ, დავფიქრდებით რომელიმე მათ წინადადებას სერიოზულად შევხედოთ თუ არა. ომისა და ღალატის პარტიის რომელიმე წინადადებას სერიოზულად შევხედავთ თუ არა, ბოდიშს რომ მოიხდიან ჰიბრიდული ომის წარმოების გამო, ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს.
ქალბატონი ხატია ამბობს, რომ ჩვენ დავუკავშირდით ადმინისტრაციას და გადაწყდა, რომ ჩაერთვება, ალაგებენ იქ ურთიერთობებს თავისი ჭკუით. ჯერ ქალბატონმა ხატიამ იმაზე იფიქროს, რომ მათი გამოისობით და დარწმუნებული ვარ, ლომის წილი ამაში მათ ქონდათ, თუ მთლიანად მათი შემოქმედება არ არის, ჩვენმა ქვეყანამ გაიწვია ამ ქვეყნიდან ელჩი. დღეს უკრაინას საქართველოდან ელჩი ყავს გაწვეული და ისინი ახლა შუამდგომლობას აყენებენ ჩვენ წინაშე, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩაგვერთოს, ჯერ მათ უნდა იფიქრონ, როგორ გამოასწორონ მათი ნაბოროტალი საქმე. ამის შემდეგ დავფიქრდებით მათ დაყენებულ ამ და სხვა ნებისმიერ ინიციატივაზე სერიოზულად შევხედოთ თუ არა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელი ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ასეთი საკითხები გვარდება, ლაგდება და თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის.
„ასეთ თემებს ალაგებენ ხელისუფლებები ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით. რომელი მოლაპარაკებებიც ასე საჯაროდ არ ხდება, ხდება დახურულ ფორმატში. ხატია დეკანოიძის, „ნაციონალური მოძრაობის“, ომი და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არ წარდგება, რის გამო წარდგება, თუ არ წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამას საჭიროების შემთხვევაში დააინიცირებს საქართველო და მისი ხელისუფლება ან უკრაინა და მისი ხელისუფლება, ვისაუბრებთ ამ თემაზე, როდის არის საჭირო, რატომ როგორ და ა.შ. ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც გამოდის უკრაინული ტელევიზიის ეთერში და ამბობს, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც შავ ხვრელებს ეძებს, რომ პუტინს დაეხმაროს მკვლელობებში. ამ ღალატის ავტორის დასალეგებელი არ არის ორ ხელისუფლებას შორის დასალაგებელი საკითხები. ნებისმიერი საკითხი, რასაც ისინი დააყენებენ, რაც არ უნდა კეთილშობილურ იდეად და მიზნად გვესახებოდეს თითოეულ ჩვენგანს, უნდა გავატაროთ ეჭვის უსერიოზულეს ფილტრში, პარალელურად რას გეგმავენ და რისთვის სჭირდებათ ეს ერთი შეხედვით კარგი რამ.
როცა დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის ბოროტებას, რუსულ ოკუპაციას, ჩვენ პარალელურად უნდა ვებრძოლოთ ყველა პოლიტიკურ არენაზე და პლატფორმაზე ამას რისკებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ საქართველო ყველაზე დიდი რისკის ქვეყანაა, უფრო მეტი რისკის შემცველი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში, დღეს ამ მოცემულობაში არ არსებობს.
„ამ ქვეყნის ხელისუფლებამ და მოსალხეობამ ამ გლობალურ რისკებთან ერთად, უნდა დააზღვიონ შიდა რისკები, რომელიც მოდის ომისა და ღალატი პარტიისგან. რა მოცემულობის გადატანა გვიწევს ჩვენ. შესაბამისად, ეს ხალხი არ გამოსწორდება. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს გვმართებს უდიდესი სიფრთხილე ყველა საკითხზე“, – განაცხადა მდინარაძემ.