მამუკა მდინარაძე - როცა პარლამენტში საკამათოდ მოდიან, კონკრეტული არგუმენტებით უნდა მოვიდნენ და არა არაკორექტული გამონათქვამებითა და პიარსტრატეგიებით 
მამუკა მდინარაძე - როცა პარლამენტში საკამათოდ მოდიან, კონკრეტული არგუმენტებით უნდა მოვიდნენ და არა არაკორექტული გამონათქვამებითა და პიარსტრატეგიებით 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა მოსთხოვა.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობიდან არანაირი ინფორმაცია არ გადის და გახმოვანებული მოგონილი ამბავია, რაც პიარსტრატეგიის ნაწილია.

„დრო მოვიდა, დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობები და დეპუტატები ერთი ადამიანის მოწოდებითა და ნებით არ იმართებიან. საზოგადოებას არც ერთ თემასთან დაკავშირებით ცხარე კამათის შესახებაც კი არ ვუმალავთ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ასეთი ამბების მოგონება მთლად კორექტული იყოს. როცა უმრავლესბაში აზრთა სხვადასხვაობაა, გადაწყვეტილების მიღება ინდივიდვალურად ხდება. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც უმრავლესობას მოუწოდებს, ისე მოიქცეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე მათგანის ნებას ეწინააღმდეგებოდეს”, – აღნიშნა მდინარაძემ. 

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ დღევანდელ შეხვედრასაც გამოეხმაურა და პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევა არ გამორიცხა.

„ვისურვებდი, რომ როცა პარლამენტში ადამიანები საკამათოდ მოდიან, კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებული მოვიდნენ და არა, ტელევიზიებისთვის განკუთვნილი გზავნილებით, არაკორექტული გამონათქვამებითა და პიარსტრატეგიებით. კონკრეტული არგუმენტები არ არსებობს და ადამიანები ცდილობენ, მხოლოდ პიარზე გათვლილი მესიჯები გაახმოვანონ, რათა საზოგადოების რაღაც ნაწილს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ თითქოს არგუმენტები მეორე მხარეს არ არსებობს. როგორც ვხედავთ, საქმე იქით მიდის, რომ არგუმენტები არ არსებობს. როცა საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს, მაშინ იმ ინიციატივების გაზიარება არ ხდება, რომელსაც არგუმენტები ვერ ამყარებს. დღეს და ხვალ არაფერი არ მთავრდება. შეიძლება, პრაქტიკამ აჩვენოს, რომ კანონი ისეთი წარმატებით არ მუშაობს, როგორც ვიღაცას თავის დროზე მიაჩნდა და არც კანონი მიდის სადმე და არც პარლამენტი. თუ საწინააღმდეგო არგუმენტები დღეს ვერ მოვისმინეთ, უფრო იქით გადავიხრებით, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გავიზიაროთ”, – აცხადებს მდინარაძე.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ საერთო „ჩატში“ მოუწოდებდა, კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.