ნინო ჯანგირაშვილი - ირაკლი კობახიძე საერთო „ჩატში“ დეპუტატებს მოუწოდებდა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ
ნინო ჯანგირაშვილი - ირაკლი კობახიძე საერთო „ჩატში“ დეპუტატებს მოუწოდებდა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ მოუწოდა საერთო „ჩატში“, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.

ჟურნალისტებთან საუბარში ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ლობირებაში დაადანაშაულა.

„იძულებული გავხდი შეხვედრა დამეტოვებინა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე დესტრუქციულია და ამ თანამდებობას ნამდვილად არ შეეფერება. მან ჩემი სათქმელი არ მათქმევინა. ორი წინადადების შემდეგ საუბარი შემაწყვეტინა და აზრი არ დამამთავრებინა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რადგან კაცი ათი-თხუთმეტი წუთი მეძახდა, რომ ვიტყუები. სინამდვილეში ციფრები მოვუტანეთ, რომლითაც ვადასტურებთ, რომ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები თქვა. მან აღნიშნა, რომ სარეკლამო ბაზარი ბოლო წლებში იზრდებოდა. ჩვენ მონაცემები მოვიტანეთ, რომ ბაზარი 2014 წლის შემდეგ იკლებდა. ეს წინადადება ვთქვი და მეცა, გამლანძღა, გამაჩუმა, არ მალაპარაკა და თვითონვე თქვა, რომ ბაზარი მანამდე მზარდი იყო. ეტყობა, კახა ბექაურთან ერთად ახალი ტაქტიკა აირჩია. შეგვიძლია, 2017 წელი 2003 წელს შევადაროთ და აღმოჩნდება, რომ კარგად ვართ. საქმე ციფრებით მანიპულირებაშია. პარლამენტის თავმჯდომარე ამ კანონის ლობისტია და კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა. მაშინ, დეპუტატებს მოწოდება საერთო ჩატში ჩაუყარა, რომ ამ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ. თუ მოინდომებთ, ამას გაარკვევთ. ყველა დეპუტატმა საერთო ჩატში პარლამენტის თავმჯდომარისგან მოწოდება მიიღო, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ნინო ჯაგირაშვილმა დატოვა დარბაზი, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.