ირაკლი კობახიძე - ტყუილია, როცა ამბობთ, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი და დავამთავროთ ამაზე საუბარი

ტყუილია, როცა ამბობთ, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი და დავამთავროთ ამაზე საუბარი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს.

ნინო ჯანგირაშვილი სარეკლამო ბაზრის კლების შესახებ საუბრობდა.

“თქვენ თქვით, რომ ზრდის ტენდენცია იყო 2012-2013 წლებში. თქვენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებს აქვეყნებთ. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 63 მილიონი იყო და 88 მილიონი გახდა 2016 წელს. ნუ იტყუებით. იყო დიდი მინუსი და არ გაწყობდათ მაგის მოტანა. იყო 63 მილიონი და გახდა 88 მილიონი. ნუ გვატყუებთ, ქალბატონო ნინო. 2012-2013 წლის შემდეგ ბაზარი არის გაზრდილი 25 მილიონით და ნუ გვატყუებთ, ქალბატონო ნინო. ისაუბრეთ არგუმენტებით კანონპროექტთან დაკავშირებით. არ გაწყობთ და რატომ წაიკითხავთ. თქვენ რომ თვლით დოლარში სარეკლამო ბაზარს, არასწორია. ლარში არის მიზერული სხვაობა თქვენს მონაცემებში”, – მიმართა კობახიძემ ჯანგირაშვილს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ჯანგირაშვილს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტების მოყვანა სთხოვა.

“რაც შეეხება 2012-2013 წლებს, იმასთან შედარებით 2016 წელს არის 25 მილიონი მატება. ნუ იტყუებით, როცა არ მოგაქვთ 2012-2013 მონაცემები. იმიტომ არ მოგაქვთ, რომ არ გაწყობთ, რადგან 25 მილიონი ზრდა რომ აჩვენოთ, კატასტროფაა. საერთოდ არ არის ეს აქტუალური საკითხი, ამასაც დავამატებ  – საერთოდ არ გვაინტერესებს კლებადია, თუ არ არის კლებადი. ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, კანონპროექტში რა წერია და ამაზე ისაუბრეთ. კლებადი ბაზარი არ არის, რადგან 25 მილიონი მატება რომ გაქვთ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბაზარი არის კლებადი. ეს არის ტყუილი.  მარეგულირებელი კომისიის დასკვნაში წერია, რომ სამი მილიონი არის პლუსი. არა აქვს ამასაც არსებითი მნიშვნელობა. ტყუილია, როცა ამბობთ, რომ ბაზარი არის კლებადი და დავამთავროთ ამაზე საუბარი”, – აღნიშნა კობახიძემ.

ნინო ჯაგირაშვილმა მოგვიანებით დატოვა დარბაზი, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.