მამუკა მდინარაძე - კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით მიიღება
ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს, გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ორი ნაწილისგან შედგება.
„პირველი ნაწილი სასწრაფოდ მისაღებია, რადგან ამოსავსებია სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა. საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია. აღნიშნული კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ამ ინიციატივის მეორე ნაწილი მცენარე კანაფის სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით წარმოებასა და მის ექსპორტზე რეალიზაციას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ნებისმიერი საკითხი, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს პასუხგაცემული უნდა იყოს და გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა წრესა და წარმომადგენელთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღება.
შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
ამასთან, როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები ცალკე განიხილება, კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კი, ჯერ შეჩერებულია და კონსულტაციები გაგრძელდება.