ირაკლი კობახიძე - ​მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით
ირაკლი კობახიძე - ​მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით,  ​მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა​ს კონსულტაციების საფუძველზე მიუბრუნდებიან.

ამის შესახებ კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ორი პაკეტია წარმოდგენილი მთავრობის მხრიდან. ერთი ეხება სწორედ მოხმარების რეგლამენტაციას და მეორე ითვალისწინებს, როგორც მოგეხსენებათ, კულტივაციას და ექსპორტს სამედიცინო მიზნით და ასევე კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით.

ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მეორე პაკეტის განხილვა ჯერ შეჩერებულია, გაგრძელდება კონსულტაციები და მხოლოდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით ამ პაკეტის განხილვას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ აღნიშნა, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.