მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფრიდონ ინჯიას მიერ დაანონსებული „ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვის“ შესახებ კანონპროექტის მიღება „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება
„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. რატომ არ განიხილება, ამას თავისი არგუმენტები აქვს. მათ შორის, მთავარი – სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებამ, შესაძლოა, „რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი“.
„მეორე პრაგმატული არგუმენტია, რომ ეს შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ-პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავიანთ ნარატივს; მესამე, მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, ყველას ერთად, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა – სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, შემდეგ გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება, მართალი აღმოჩნდეს ან მართალი არ აღმოჩნდეს. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, ჯობია, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა დავუპირისპიროთ. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მისაღებია და შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი, ამიტომ ჩვენთან არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: „30 აპრილის აქციაზე ვიყავი, ჩამოვწერე მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტებს მოვამზადებ, ასევე, ლგბტ-თემა. კანონპროექტს მოვამზადებ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას შეზღუდავს“.