მამუკა მდინარაძე - უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, გთხოვთ ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობას“ აყოლილ ოპოზიციას, ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება მხოლოდ ე.წ. წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს მშვიდობიანი გზით.
„დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება ემსახურება მისი არალეგიტიმური არჩევნების მიზნებს. ამის იქით, მგონი, სიღრმეებში წასვლა არც სწორია და შეფასებები არ უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება ემსახურება წინასაარჩევნო მიზნებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნებით უნდა მოვიხსენიოთ. სხვა მიზანი და რეალური განხორციელება ჩემთვის წარმოუდგენელია. არც ახალგორი, არც ცხინვალი, არც ჯავა და ასე შემდეგ არ არის რუსეთის ისტორიული წიაღი, ეს არის საქართველოს ტერიტორია. ვფიქრობ, მიუხედავად ვიღაცების სურვილისა, ეს ტერიტორია ადრე თუ გვიან, დაბრუნდება ამ ქვეყნის შემადგენლობაში არა იმ გზებით, რასაც ვიღაცები ნატრობენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, სამწუხაროა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
„საქართველო განვითარდება, საქართველო აწარმოებს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას და ეს იქნება საბოლოო ჯამში, დეოკუპაციის წყარო, საფუძველი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ მიზანმმიმართულად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რასაც მეორე მხრიდან ჰიბრიდული ომი უპირისპირდება. უკრაინაში თუ რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესია, ომი მიმდინარეობს, სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, ამის პარალელურად, სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. ამის მონაწილეები ზოგჯერ ქვეყნის შიგნით ადამიანები, ოპოზიციად წოდებულები, მათი ტელევიზიების წარმომადგენლები, ქვეყნის გარეთ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები და ასე შემდეგ გვევლინებიან ხოლმე. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასე მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ. ეს არის ერთადერთი წყარო, საფუძველი, რითაც ჩვენი დები, ძმები და ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროვოკაციებს სახელმწიფოს სამშვიდობო გეგმა უპირისპირდება. მდინარაძემ მოუწოდა ყველას, არ წამოეგონ პროვოკაციებს და ჰიბრიდული ომის მონაწილეები არ გახდნენ.
„პროვოკაციებს უპირისპირდება გეგმა, რომელსაც სამშვიდობო გეგმა ჰქვია და გეგმა, რომელსაც საქართველო ერთი მხრივ, მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უკრაინას და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ქვეყანაში არ დაუშვას ომი. შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ჰიბრიდული, ცივი ომი. ეს ისტორიას დარჩება. ისტორიას დარჩება, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოში მიმდინარეობს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ომის პარალელურად. ყველას გთხოვთ, მათ შორის ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აყოლილია „ნაცმოძრაობას“, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს, ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები. ამ ომის ჯარისკაცები არავინ უნდა გახდეს, რაც არ უნდა პროპაგანდა მიმდინარეობდეს შიდა ნიუსრუმებში თუ პარტიებში. თქვენ ეს უნდა შეძლოთ, თავს ზემოთ ძალა უნდა იპოვოთ, რომ ამ პროპაგანდის ნაწილი არ გახდეთ. თუ ამას შეძლებთ, ეს იქნება საქართველოსთვის გაკეთებული საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.