მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციონალისტი, მაღალი რანგის ექსპერტი, მათ შორის იურისტებზე კარგად იცის ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება
დიახ, ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, ამ სფეროში მაღალი რანგის ექსპერტი და მათ შორის იურისტებზე კარგად იცის, ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდნარაძემ აღნიშნული კომენტარი გააკეთა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კელი დეგნანისა და ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას.
„ირაკლი კობახიძის მხრიდან კომპეტენციის დაწუნება არ მომხდარა. ვიღაცას აქვს სპეციფიკური ცოდნა კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ ექიმების სიღრმეებში ხომ არ შევდიოდით? ექიმს სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერ შევეკამათები. დიახ, ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, ამ სფეროში მაღალი რანგის ექსპერტი და მათ შორის იურისტებზე კარგად იცის, ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება. შეიძლება, სხვებზე კარგად იცის, კონსტიტუციური სამართლის საფუძვლები. იურისტი ვარ, სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ კონსტიტუციურ სამართალში არ ვცდილობ, მაინც და მაინც ირაკლი კობახიძეს ვეკამათო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკითხზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა:
„თქვენი ხელმძღვანელი რომ იგინებოდა და სტრატეგიულ პარტნიორებს ლანძღავდა, ის სწორი იყო და როცა სპეციალიზაციაზეა საუბარი, არასწორია? – ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.
ამასთან, თავის მხრივ, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.