ირაკლი კობახიძე - საქართველოში არის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს და შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან
ირაკლი კობახიძე - საქართველოში არის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს და შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან

მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ 2- პროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კელი დეგნანი განცხადების შეფასებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი, რადგან კელი დეგნანი არ არის თავად ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში დანერგა პირველად საქართველოს ისტორიაში „ქართულმა ოცნებამ“, ეს ამოქმედდება 2024 წლიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს და შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.

„ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, სადაც პროპორციული სისტემაა. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მზად ვართ, მსჯელობა განვაახლოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თუმცა ამას აქვს თავისი წინაპირობა – რაც არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა და დადებითი წვლილის შეტანა ახალ დღის წესრიგში, რომელიც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს. თუ ამას გააკეთებენ, დაადასტურებენ და დაამტკიცებენ განგრძობითი ფორმით და სახით, ამ შემთხვევაში, მყისიერად განახლდება დისკუსია ბარიერთან დაკავშირებით, თუ ეს არ მოხდება, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს ვერ შევუწყობთ ოპოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.