მამუკა მდინარაძე - იმედია, სახელმწიფო უწყებებზე ჰაკერულ თავდასხმაში კომპეტენტური ორგანოები გაერკვევიან
მამუკა მდინარაძე - იმედია, სახელმწიფო უწყებებზე ჰაკერულ თავდასხმაში კომპეტენტური ორგანოები გაერკვევიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებების მიმართ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში კომპეტენტური ორგანოები გაერკვევიან და საზოგადოებას კვალიფიციურ პასუხს გასცემენ.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ჰაკერულ თავდასხმაზე რომან გოცირიძის შეფასებასაც გამოეხმაურა.

„ქართულ პოლიტიკაში ადგილი აქვს „გაღმა შეედავეს“ პრინციპს. რომან გოცირიძის პასაჟს ასე დავარქმევდი, რადგან „ფეიკ ნიუსებით“, „ტროლებითა“ და ტყუილებით არიან გამორჩეულები და ცდილობენ, ეს ყველაფერი დაგვაბრალონ, რომ მათ ტყუილებზე არ ვილაპარაკოთ“, – დასძინა მდინარაძემ.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.