მამუკა მდინარაძე - გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას
როდესაც თავად ამბავი არის მოგონილი, ბუნებრივია, შეფასებაც არ იქნება რელევანტური და სწორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრის შესახებ წერს და ამბობს, რომ საუბარი სხვა თემებთან ერთად, ბოლოდროინდელ რამდენიმე კრიტიკულ განცხადებასაც შეეხო, რომლის საფუძველიც, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, არასწორი ინფორმაცია გახდა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.
ჰუბერტ ქნირში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, გამორჩეული დიპლომატია.
მიმდინარე თემებზე, პარლამენტის გეგმებზე, საარჩევნო სისტემაზე და ბოლოდროინდელ რამდენიმე კრიტიკულ განცხადებაზეც ვისაუბრეთ, რისი საფუძველიც არასწორი ინფორმაცია გახდა. სტუმარს ერთ-ერთი ასეთი მაგალითიც გავაცანი, როდესაც კონკრეტულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთ-ერთმა პარლამენტარმა ევროპის მაღალი ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა. როდესაც თავად ამბავი არის მოგონილი, ბუნებრივია, შეფასებაც არ იქნება რელევანტური და სწორი.
ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო, ვინაიდან პარტიული საგარეო მიმართულების ხელმძღვანელები დღეს ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მაგრამ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. ზოგადად, კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის გაცილებით მისაღები, ვიდრე „ფეიკ ნიუსებზე“ დაყრდნობით გამოწვეული კრიტიკა.
მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ეს არის ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი საერთო მიზანი“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.