მამუკა მდინარაძე - გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს
გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს „ომის პარტიის“ მიზნების მიუხედავად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
კითხვაზე: „გრიგოლ ვაშაძე იწონებს ხელისუფლების პოლიტიკას, რას ნიშნავს მისი ასეთი ფერისცვალება“, მდინარაძემ აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და მის ცალკეულ წარმომადგენლებსაც კი უჭირთ, არ აღიარონ, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პოლიტიკურ პლატოფორმაზე.
„ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს და რატომ თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და მის ცალკეულ წარმომადგენლებსაც კი უჭირთ იმის არაღიარება, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა პოლიტიკურ პლატოფორმაზე. სხვათა შორის ივიწყებენ ხოლმე და ბოლო დროს ხშირად გვხვდება გამონათქვამები, რომ არანაირი მხარდაჭერა არ გვინახავსო. ეს მხოლოდ ცალკე აღებული ტყუილი არ არის, არამედ არის ჩვენი ქვეყნის მტრობაც. საქართველოს პოზიციონირება ასეთია – პოლიტიკური მხარდაჭერა ურყევი, ჰუმანიტარული მხარდაჭერა თავისთავად. სანქციების ნაწილში ჩვენი გადაწყვეტილება იცით. სამი მიმართულებიდან ორში ჩვენი ურყევი მხარდაჭერის არდაფიქსირება არის საზოგადოების მოტყუება და საქართველოს მტრობა. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძე იქნება თუ სხვა, მივესალმები მათ პოზიციას, ვინც გამონახავს თავს ზემოთ ძალას და იტყვის სიმართლეს „ომის პარტიის“ მიზნების მიუხედავად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.