მამუკა მდინარაძე - „გლობალური ომის პარტიას“ რაც შეეხება, არიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ
მამუკა მდინარაძე - „გლობალური ომის პარტიას“ რაც შეეხება, არიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ

რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, სამწუხაროდ, ესენი არიან კონკრეტული, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ და მილიარდები გაუჩერონ. ასეთი დიდი ძალები არიან, დანარჩენ სიღრმეებში არ შევდივართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად საკუთარ ფულს არ აძლევენ, ეს სანქცირებაა.

„შევთანხმდეთ ასე, რომ, თქვენი შეფასებით, რადგან ფორმალურად სანქცია არ ადევს ბიძინა ივანიშვილს – ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარი გაჩერებულია ბანკში და, სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ამ ფულს არ აძლევენ – ეს, თქვენი აზრით, სანქცია არ არის, კერძო დავააო, გასაგებია. ორი მილიარდის გაჩერებას სასამართლოს გადაწყვეტილების, სამართლებრივი სისწორის საწინააღმდეგოდ, თქვენ არ ეძახით სანქცირებას. მე ვეძახი. გაუჩერეს ორი მილიარდი საკუთარი ფული და თქვენთვის ეს სანქცირება არ არის, ჩემთვის არის. ჩვენთვის სანქცირებაა და ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის ეს არის სანქცირება. როდესაც ასეთი უსამართლო რაღაცები ხდება, ამის უკან ვიღაც დგას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.