მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რაც უფრო იწურება გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა, მით უფრო რთულია მისი გადაწყვეტილებების შეფასება.
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს.
მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს.
„არაადეკვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავიდანვე განაცხადა, რომ მზად იყო კონსულტაციებისთვის, პრეზიდენტმა კი, ამ ყველაფერს კინკლაობა დაარქვა.
„ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები, ან წარმოედგინა რომელიმე თავისი თანამშრომელი, ან ახლობელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად. ეს არის მისი ფილოსოფიის და გადაწყვეტილების მთელი არსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა , რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.