მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარია გადადგა, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
„როდესაც გამოგონილი თემებით მიდის კრიტიკა, რეალური თემები ყურადღების მიღმა რჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭორებზე აგებული კამპანია დაიწყო რეგიონებში.
„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა? შეიძლება, რომ რაღაცები მივაკეროთ გვერდიდან ლოგიკას, როცა ფაქტია ერთი და ნათელი – ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება და რას ცვლიდა ის 2-3 დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას? დღესაც მათ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, ვის წისქვილზეც ნებსით თუ უნებლიეთ დაასხა წყალი ამ ადამიანის მოქმედებამ“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.