მამუკა მდინარაძე - გიგი უგულავასა და გიორგი რურუას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაორგანიზებული, რომელმაც იცის, რომ მათ „პოლიტპატიმრობას“ ვერ ყიდის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავასა და გიორგი რურუას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაორგანიზებული, რომელმაც იცის, რომ მათ „პოლიტპატიმრობას“ ვერ ყიდის ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპაგანდისტური სვლების მიუხედავად, ე.წ. პოლიტპატიმრების თემის გაყიდვა ძალიან უჭირს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი მიზეზია ის, რომ მათ კარგად იციან საზოგადოებაში არსებული განწყობები და ის, რომ ამ ადამიანების „პოლიტპატიმრობის“ შესახებ დაჯერების ხარისხი ძალიან დაბალია. პროპაგანდისტური სვლების მიუხედავად, ამ თემის გაყიდვა ძალიან უჭირდათ. მეორე მიზეზია ის, რომ კარგად იციან, ამ საკითხის პირობად დაყენება საარჩევნო სისტემასთან, იყო შეუსაბამო, არარელევანტური და თავად ჩახსნეს. ეს არ იყო კონკრეტული ადამიანების მიერ გამოგზავნილი მესიჯი, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების მესიჯი, რადგან მათ უჭირთ, პროპაგანდისტური სვლების მიუხედავად უჭირთ, საზოგადოება ამ ადამიანის „პოლიტპატიმრობაში“ დააჯეროს. თავადაც იციან, რომ მოლაპარაკების პროცესში ე.წ. პოლიტპატიმრობის საკითხის პირობად დაყენება არის შეუსაბამო. აქედან გამომდინარე ეს სვლა გააკეთეს, თორე, პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ციხეში ცალ-ცალკე არ მოაფიქრდებოდათ საერთო გზავნილის ჩამოყალიბება. ეს არის დაორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელმაც იცის, რომ მათ „პოლიტპატიმრობას“ ვერ ყიდის ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ. ამ საკითხის შემოტანა პირობად მოლაპარაკებების პროცესში არის მათთვის წამგებიანი“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა პატიმრობაში მყოფმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამაც.