მამუკა მდინარაძე - საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ „გავრილოვის რევოლუცია“ საქართველოში არ შედგა
მამუკა მდინარაძე - საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ „გავრილოვის რევოლუცია“ საქართველოში არ შედგა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ.

მისი თქმით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და გუნდმა გადაწყვიტა, რომ სწორედ გიორგი გახარია არის კანდიდატი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

როგორც მდინარაძემ განმარტა, წინ საინტერესო კვირაა, განიხილება სამთავრობო პროგრამა.

„ვფიქრობთ, გვექნება ძალიან საინტერესო კვირა, მოვისმენთ პროგრამას, რომელიც იქნება მორგებული იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და მათ შორის, რა კითხვებსაც დღეს სვამთ მედიის წარმომადგენლები, გაეცემა დეტალური და ამომწურავი პასუხები.

დღევანდელ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე, აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, უხერხული ხომ არ არის გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრად, მაშინ, როცა აქციის მონაწილეები 76-ე დღეა მის გადადგომას ითხოვენ, დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოში „გავრილოვის რევოლუცია“, რომლის ავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არ შედგა.

„ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ „გავრილოვის რევოლუცია“ საქართველოში არ შედგა. არშემდგარი რევოლუციის ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შესაძლებელია, არიან ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ ამ მოვლენებს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციების გადაწყვეტილების საფუძველი მარტო პარტიაში ვერ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოთხოვნები ექნება პარლამენტს მთავრობის მიმართ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს იქნება მეტი ადეკვატურობა, დინამიკა და განვითარების მაღალი ტემპი.

„არის ძალიან ბევრი გამოწვევა განვითარების პარალელურად და მასთან დაკავშირებით მეტ ადეკვატურობას, მეტ დინამიკას, განვითარების გაცილებით მაღალ ტემპებს მოვითხოვთ მთავრობიდან, ეს რაც შეეხება სიღარიბეს. რაც შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიცრუის პროპაგანდა სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“ – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას, დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს ის პარლამენტში მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას წარადგენს. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. მისივე თქმით, ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.