გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა
გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა

მთავრობის შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს.

​„ხაზგასმით მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.

დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს.

ბატონი ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც გააძლიერებს გუნდს და გახდის მას ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია, დანარჩენი ყველაფერი, რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.