მამუკა მდინარაძე - გახარია და სააკაშვილი აღარც მალავენ ერთობას, რასაც რეგიონებში პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებენ
მამუკა მდინარაძე - გახარია და სააკაშვილი აღარც მალავენ ერთობას, რასაც რეგიონებში პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებენ

სააკაშვილისა და გახარიას ერთობა საბოლოოდ შედგა, რასაც რეგიონებში პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის  შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია პოლიტიკური პარტნიორები არიან.

„რაც მოხდა სამეგრელოს ორ რაიონში, რამდენიმე ხნის წინ დაფიქსირდა რუსთავშიც. რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას. რეალურადაც ასეა, მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა და რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ერთად იქნებიან, მათ ერთმანეთი აირჩიეს. ამ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, რომ ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში შეიძლება, დაემთხვეს ორი ადამიანი – სააკაშვილი და გახარია. ამის არ გვჯეროდა მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს. დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება. მათ ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი და აღარც მალავენ ამ პოლიტიკურ ერთობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.