მამუკა მდინარაძე - გაერო-ში პრემიერის გამოსვლა გაჯერებული იყო მკაფიო გზავნილებით, მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ეროვნული ინტერესი და არა უცხოეთიდან დაკვეთის შესრულება
მამუკა მდინარაძე - გაერო-ში პრემიერის გამოსვლა გაჯერებული იყო მკაფიო გზავნილებით, მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ეროვნული ინტერესი და არა უცხოეთიდან დაკვეთის შესრულება

გაერო-ში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო გაწონასწორებული, მოკლე, მკაფიო მესიჯებით გაჯერებული. მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის გარანტიების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია თავისი მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ასახული იყო პრემიერის გზავნილებში.

„მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია საკუთარი, ეროვნული ინტერესი და არა გარედან შემოთვლილი რაღაც-რაღაცები, პრიორიტეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, როგორც იქნა ეს შევძელით. სამწუხაროდ, 2020-2021 წლამდე ვერ შევძელით ეს. 2021 წლის შემდეგ შევძელით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვიყოთ ევროპაში. რაც არ უნდა სიღარიბეზე ისპეკულირონ, ეს არის დიდი, მყარი საფუძველი, რომ გაცილებით სწრაფი ტემპით შევიდეს ყველა ოჯახში მეტი კეთილდღეობა. სიღარიბის მაჩვენებელი ასე სწრაფი დინამიკით როცა იკლებს, ეს არის გარანტია, რომ სიღარიბეში დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო სწრაფად შეძლებენ სიღარიბიდან ამოსვლას. პრიორიტეტი არის საქართველოს მოქალაქე და არა უცხოეთიდან რაღაც დაკვეთის შესრულება, პრიორიტეტი არის მშვიდობა, რათა ფიზიკურად გადავრჩეთ, პრიორიტეტი არის სულიერი გადარჩენა და ღირსება, რომლის გარეშეც არც მშვიდობა უღირს ვინმეს და არც კეთილდღეობა. ამ ყველაფრის ერთად დაცვა როცა გიწევს, რთული, მაგრამ შესრულებადი ამოცანაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, „რატომ არ გამოიყენა ირაკლი კობახიძემ მაღალი ტრიბუნა იმისთვის, რომ ესაუბრა ოკუპანტ რუსეთზე“, მდინარაძემ აღნიშნა:

„რა დონის სპეკულაციაა. ისაუბრა ოკუპაციაზე და რუსეთის ოკუპაციაზეა ლაპარაკი, აბა, ჩინეთის ოკუპაციაზე ხომ არ იქნება ან ამერიკის? ადამიანი ოკუპაციაზე რომ ლაპარაკობს, აბა, ვისზე ლაპარაკობს? არავინ ერიდება, რუსეთია ოკუპანტი, აბა, თურქეთი ხომ არ არის და სომხეთი ან აზერბაიჯანი? ოკუპაციას როცა ვახსენებთ, ყველა ჯერზე ავტომატურად იგულისხმება რუსეთი და არა სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყანა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.